top of page

როგორ გახდა მე -16 საუკუნის მესხური საცხოვრისი ,,უძრავი ქონების ოსკარების" ჯილდოს ინსპირაცია?


FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის ჯილდოს შექმნის ისტორია


როგორ გახდა მე-16 საუკუნის მესხური საცხოვრისი ,,უძრავი ქონების ოსკარების“ ჯილდოს ინსპირაცია?


დაჯილდოება ყოველთვის ამაღელვებელია. ჯილდო, რომელსაც გადმოგვცემენ არ არის მხოლოდ ლამაზი ფორმის და დიზაინის საგანი, რომელიც ამა თუ იმ მიღწევისთვის მივიღეთ, მის უკან დიდი ისტორია და სიმბოლური დატვირთვაა. გაგაცნობთ, თუ როგორ შეიქმნა ,,უძრავი ქონების ოსკარების“-FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის ჯილდო. მუშაობის პროცესში თავიდანვე გადაწყდა, რომ ის ქართული არქიტექტურის უნიკალური ელემენტის მატარებელი უნდა ყოფილიყო. იდეის სრულყოფისთვის, ღონისძიების ორგანიზატორები, FIABCI-Georgia და Property Georgia, დაუკავშირდნენ ურბანისტსა და არქიტექტორს, ოთო ნემსაძეს. ერთობლივი მსჯელობის შედეგად, ჯილდოს სიმბოლოდ შეირჩა მესხური დარბაზის გვირგვიროვანი თაღი, რომლის ჩვენამდე მოღწეული ნიმუშიც მე-16 საუკუნით თარიღდება. ,,ჩემთვის როგორც ამ პროფესის წარმომადგენლისთვის მნიშვნელოვანი იყო ხაზი გაგვესვა იმ არქიტექტურული ღირებულებისთვის, რომელიც ამ ქვეყანას გააჩნია. ვთვლი, რომ მესხური დარბაზის ასეთი გვირგვინოვანი თაღის გამოყენება ხაზს გაუსვამს პრემიის და ქვეყნის ინდეტობას,“ განაცხადა ოთო ნემსაძემ. მესხური საცხოვრისი უნიკალურია სხვადასხვა მახასიათებლებით, როგორებიცაა: გვირგვინის მოწყობის თავისებურება, მისი კონსტრუქცია საგანგებო სისტემაა - კვადრატის უმარტივესი ფორმა, დარბაზის შუაგულში მოწყობილი კერა და გვირგვინოვანი გადახურვა, რომელსაც ბოლოში შუქისა და კვამლის სარკმელი - ერდო აქვს.


საუკუნეების წინ აშენებული სახლი ენერგოეფექტური საცხოვრებლის საუკეთესო მაგალითია. მესხური დარბაზები, რომელიც მხოლოდ სამცხე-ჯავახეთისთვის არის დამახასიათებელი, ზამთარში თბილი, ზაფხულში კი გრილია. ზედა სარკმელი სახლში შუქის ერთადერთი წყაროა, მაგრამ გვირგვინის კედლები ისე ირეკლავენ მას, რომ მცირე სარკმელიდან შემოსული განათება მთელ ოთახში თანაბრად ნაწილდება. შემაერთებელი მასალის გარეშე ნაშენები სახლის კედლები და ლურსმნის გარეშე აგებული გვირგვიროვანი გადახურვა განსაკუთრებით გამძლე იყო მიწისძვრის დროს, რადგან ამგვარი კონსტრუქცია თითქოს უფრო მოძრავი და ,,ცოცხალია“, რაც მას სეისმურად მდგრადად აქცევს. ამ უნიკალური არქიტექტურული თვისებების გამო, მესხური დარბაზის გვირგვიროვანი გადახურვა FIABCI-Georgia Prix d’ Excellence Awards-ის პირველი ეროვნული ჯილდოს ინსპირაციად იქცა, რაც გამოისახა კიდეც ჯილდოს უნიკალურ დიზაინში და ასახავს თანამედროვედ გააზრებულ ქართული არქიტექტურის უნიკალურ ელემენტებს.


Comments


bottom of page